დამოუკიდებელ საქართველოში გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების წარმომადგენლობა დაარსდა 1996 წელს. თუმცა საქართველოში (თბილისი, გოლოვინის, ახლანდელი რუსთაველის, პროსპექტი N35) 1921 წლამდეც არსებობდა „ბრიტანეთისა და უცხო ქვეყნების ბიბლიური საზოგადოების“ მაღაზია და საწყობი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ერთ უაღრესად საინტერესო გამოსვლაში არის მოხსენიებული.
წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული უმნიშვნელოვანესი საგამომცემლო პროექტებიდან აღსანიშნავია: ახალი ქართული ბიბლია (2001), „ბიბლიის ენციკლოპედია“ (1997), ბიბლიის ძველქართული ტექსტის აკადემიური გამოცემა (ერთობლივი პროექტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტთან, 2004), ძველქართული ახალი აღთქმის გამოცემა (2004).
წარმომადგენლობამ თავისი არსებობის მანძილზე შეიძინა ბიბლიის ტექსტზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება; მას ახლა გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო-მთარგმნელობითი ლიტერატურის ბიბლიოთეკა, ელექტრონული ბაზები, სპეციალიზირებული პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ტექსტზე მუშაობის პროცესს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების ბიბლიურ საზოგადოებთან დამყარებული საქმიანი ურთიერთობები, სადაც ბევრი საქვეყნოდ აღიარებული ბიბლიის თარგნის სფეროში მომუშავე მეცნიერ-ექსპერტი მოღვაწეობს.
საქმიანობის დაფინანსების წყაროები:
ნებაყოფილობითი შემოწირულობები ეკლესიებიდან, ორგანიზაციებიდან და კერძო პირებიდან; შემოსავალი პროდუქციის გაყიდვებიდან.
მიუხედავად გამუდმებული მუშაობისა ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანის ტექსტზე, მისი დახვეწა ჯერ კიდევ ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
ბიბლიური საზოგადოება მოწოდებულია მოამზადოს და გამოსცეს თანამედროვე გამოკვლევებზე დაფუძნებული ბიბლიის ტექსტი, რომელიც მისაღები იქნება ბიბლიის ყველა მკითხველისა და დაინტერესებული პირისათვის. ასეთი პროექტი კი ვერ შესრულდება ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის გაერთიანების გარეშე, ამიტომაც ბიბლიური საზოგადოება თანამშრომლობას სთავაზობს ყველას, ვისთვისაც ბიბლია – ღვთის სიტყვა – მარადიული ღირებულებაა.