ბუნებრივია, დაისმის ბიბლიური წიგნების ქართული თარგმნის წარმომავლობის საკითხი, ანუ როდის და რომელი ენიდან ითარგმნა ისინი. დღეს, უძველესი ტექსტების აღმოჩენის შემდეგ (ხანმეტი, ჰაემეტი), თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიის პირველი ქართული თარგმანები ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მალევე (IV-V სს.) გაჩნდა ქართულად. პირველ რიგში იმ წიგნებისა, რომლებიც ღვთისმსახურებაში გამოიყენებოდა (სახარება, სამოციქულო, ფსალმუნნი).
კითხვაზე პასუხის გასაცემად თუ რომელი ენიდან თარგმნიდნენ ძველი ქართველი მთარგმნელები? სამწუხაროდ, ზუსტი ისტორიული ცნობები უძველესი პერიოდიდან (V-VIII სს.) არ მოგვეპოვება. ცნობილია, რომ ძველი (X ს-მდელი) მთარგმნელები და რედაქტორები სახელის მოუხსენებლად იღვწოდნენ და ამიტომაც პირველმთარგმნელთა ვინაობა ჩვენთვის დღემდე უცნობი რჩება. ასევე უცნობია მათი ვინაობის მოუღწევლობის ნამდვილი მიზეზებიც.
მაგრამ XI ს-დან უკვე ჩნდება კანტი-კუნტი ცნობები ბიბლიის ძველქართულ თარგმანებზე. გ. მთაწმიდელი, როცა ექვთიმე ათონელის მთარგმნელობით საქმიანობას ეხება, უდიდესი კრძალვითა და ქებით ახსენებს ქართულ ენაზე ბიბლიის პირველ მთარგმნელთა ნამუშაკევს. ასევე მაღალ შეფასებას აძლევს მათ გიორგი ხუცეს-მონაზონიც: „პირველითგანვე გუაქუნდეს წერილნიცა და სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და მართალი“. თუ ხუცეს-მონაზონის ნათქვამი „სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და მართალი“, უეჭველად, ქრისტიანობას გულისხმობს, რომელიც ბერძენთაგან მივიღეთ, მაშინ ამ კონტექსტში ნახმარი „წერილნიც“ (ბიბლიაც) ბერძნულიდან თარგმნილს უნდა ნიშნავდეს. ლოგიკურიცაა ასე ვიფიქროთ, რადგან ქართველები ქრისტიანობის მიღებას ანტისპარსულ და ბიზანტიურ სამყაროსთან დამაახლოებელ პოლიტიკურ აქტად თვლიდა, წარმოუდგენილია უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რელიგიური დოკუმენტის – ძველი და ახალი აღთქმის – გადმოღებისას ბერძნული დედნისთვის, გვერდი აევლოთ.
ცნობილი ქართველოლოგი, რ. ბლეიკი, ნახევარი საუკუნის წინ წერდა: „თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ქართული ბიბლიის ცალკეულ წიგნებს თავ-თავისი ისტორია აქვთ და რომ ქართული ბიბლია მთლიანად შედგენილი ხასიათისაა და სხვადასხვა მიმართებაშია უცხოენოვან პირველწყაროებთან, მაშინ ამ საკითხის ყოველმხრივ გასარკვევად და ყველა მიმართებით შესასწავლად საჭირო იქნება არა ერთი თაობის შრომა“.
ამ კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა, რომ ბიბლიის წიგნთა ქართულ თარგმანებს, თუ ყველას არა, ცალკეული მონაკვეთების მიხედვით მაინც, მართლაც თავისი ისტორია აქვს, და ამდენად უდავო გახდა ბლეიკის მოსაზრება, რომ ქართული თარგმანი მთლიანობაში შედგენილი ხასიათისაა და სხვადასხვა მიმართებაშია უცხოენოვან წყაროებთან, ე. ი. ბიბლიის ქართული ტექსტი თავისი ხასიათით ნარევია.
პარალელურად მეტ-ნაკლები სიზუსტით დადგინდა გამყოფი მიჯნა ძველსა და ახალ თარგმანებს შორის, რომელიც IX-X სს-ებს არ გადმოსცდება. ძველი თარგმანის ახალი თვალსაზრისით რევიზიის უტყუარი მოწმეა 978 წლის ათონის (ოშკური) ბიბლია, რომელმაც ახალი მთარგმნელობითი მეთოდისკენ გაბედული ნაბიჯი გადადგა. ფაქტიურად ათონის ბიბლია წარმოადგენს მანამდე არსებული ბიბლიური თარგმანების ერთად (ერთ ხელნაწერში) თავმოყრის და რედაქციულად მათი გამთლიანების ცდას.
ქართული თარგმანების ფილოლოგიურ-შედარებითმა ანალიზმა ფაქტობრივად დაადასტურა მანამდე ზოგადი დებულების სახით გამოთქმული მოსაზრება, რომ უძველესი ქართული თარგმანები შეიძლება დავახასიათოთ როგორც თავისუფალი (აზრობრივი) – Sensus de sensu – თარგმანი, ხოლო გვიანდელი ხანისა – სიტყვასიტყვითი – verbum ad verbum თარგმანები. აქვე უნდა დავძინოთ, რომ სიტყვასიტყვითი თარგმანის დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა 978 წლის ათონის (ოშკში გადაწერილი) ბიბლიაში დასტურდება უკვე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევა ე. წ. ლუკიანური ჩანართები მეფეთა წიგნებიდან, რომლებიც სხვა ნიშნების მიხედვითაც ამ ეპოქის (X ს-ის II ნახევრის) თარგმანებს უნდა წარმოადგენდეს.
არ არის შემთხვევითი, რომ ახალი მთარგმნელობითი მეთოდის ფუძემდებელი გ. მთაწმიდელი, ძვ. თარგმანების ბერძნულ მოდელთან შეჯერების დროს სწორედ ათონურ ბიბლიას ეყრდნობა. ის, რასაც ათონის ბიბლიაში გ. მთაწმიდელი ნდობას უცხადებს და უცვლელად გადააქვს თავის ახალ თარგმანებში, ფაქტიურად ახალ მთარგმნელობით პრინციპებს აკმაყოფილებს.
მიუხედავად ამისა, ექვთიმესა და გიორგის ბიბლიურ თარგმანებში ძველი თარგმანების დვრიტა შენარჩუნებულია, ძველი და ახალი ერთმანეთის გვერდი-გვერდ არსებობს. მომდევნო ეტაპზე სხვაობა ძველსა და ახალს შორის იმდენად მკვეთრია, რომ იგი მეცნიერ-ფილოლოგთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს: ზოგისათვის ის ახალი თარგმანია, ზოგისათვის – ძველის ძირფესვიანი გადამუშავება. ეს წამოჭრის ერთ-ერთ სადავო საკითხს, რაზედაც დღემდე ერთმნიშვნელოვანი აზრი ვერ გამომუშავდა: თარგმნიდნენ თუ არა ჩვენი წინაპრები ხელმეორედ ერთხელ თარგმნილ ტექსტებს, თუკი ამ უკანასკნელზე ხელი მიუწვდებოდათ?
როგორც ირკვევა, ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა. ამჯობინებდნენ ძველი თარგმანის ახალ მოთხოვნილებათა მიხედვით გადამუშავებას, მაგრამ ეს გადამუშავება ზოგჯერ იმდენად საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი იყო, რომ ის სრულიად ახალი თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამგვარი გადამუშავების თვალსაჩინო ნიმუშია გელათური ბიბლია. მკვლევართა დიდი ნაწილი მას სრულიად ახალ თარგმანად მიიჩნევს, მაგრამ გელათური თარგმანის გამოწვლილვითმა ტექსტოლოგიურმა ანალიზმა ცხადად წარმოაჩინა, რომ იგი არ არის ახალი თარგმანი, არამედ წარმოადგენს ძველი თარგმანების ძირფესვიანი გადამუშავების შედეგს.
ძველი თარგმანების რედაქციულად გადამუშავების მეთოდი ჯერ კიდევ ბიბლიის უძველეს თარგმანებში შეინიშნება, მაგრამ მან სისტემური ხასიათი XI-XII სს-დან მიიღო. ამ მეთოდს სათავე 978 წელს ოშკში გადაწერილმა ბიბლიამ დაუდო, ათონურმა სკოლამ (ექვთიმე და გიორგი ათონელები) მას განსაკუთრებული გაქანება მისცა, ხოლო პეტრიწიონულმა სკოლამ იგი კიდევ უფრო გააღრმავა.
თუ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები თავიანთ საქმიანობაში ერთგვარ ზომიერებას იცავდნენ და თავისებურ ხარკს უხდიდნენ ძველ თარგმანებს (მათ ნარედაქციევ ტექსტებში სარედაქციო დედნების გამოცნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია), სამაგიეროდ არსენ იყალთოელის, ეფრემ მცირისა და იოანე პეტრიწის მოღვაწეობას წარუშლელი დაღი დაუსვამს ძველი თარგმანებისათვის და მაქსიმალურად მიუჩქმალავს მათი წარმომავლობის კვალი. პეტრიწონული სკოლის პრინციპებით გადამუშავებული ტექსტი განიცდის ბერძნული წყაროს ტოტალურ გავლენას, რაც ძირითადად მორფოლოგია-სინტაქსისა და ლექსიკის სფეროში ვლინდება, მაგრამ გარკვეულწილად მოიცავს სტილისტურ მხარესაც.
მოკლედ, XI-XII სს-თა პერიოდი ამ თვალსაზრისით ასე შეიძლება შეფასდეს: ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები ჯერ კიდევ ძველ – თავისუფალი – თარგმანის ტრადიციას უხდიან ხარკს, თუმცა გიორგისთან თავისუფალი თარგმანის შეზღუდვა ცხადად შეინიშნება – იწყება ახალ მთარგმნელობით მეთოდზე გადასვლა. ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელის ხელიდან გამოსულ ტექსტებში უკვე ხელაღებითაა გაბატონებული სიტყვა-სიტყვითი თარგმანის პრინციპი, რაც საბოლოოდ XII ს-ის დასასრულს პეტრიწონული სკოლის ჩამოყალიბებით მთავრდება.
ამგვარად, XII ს-ის დასასრულისათვის უკვე ფაქტია ორი ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავებული ბიბლიური თარგმანებისა და მთარგმნელობითი მეთოდის არსებობა: ერთის მხრივ, ძველთაგან თარგმნილი ბიბლიური ტექსტები, ქართული ენის ბუნების გათვალისწინებით და მეორეს მხრივ, ე.წ. გელათური ბიბლია, უცხოური ენის (ბერძნულის) სტიქიასა და ბუნებაზე მორგებული, სადაც გატარებულია პრინციპი „სიტყუაჲ სიტყჳსა ნაცვალი“ (ეფრემი). ასე რომ, ამ დროისათვის ბიბლიის ქართულ თარგმანებს ურთულესი გზა აქვთ გავლილი და, სულ მცირე, ოთხგზისი ცვლილება მაინც განუცდიათ: უძველეს – IV-VI სს-თა თარგმანებს რედაქტირების პირველმა ტალღამ, ალბათ, VII-VIII სს-ში გადაუარა. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დროისათვის არ არსებობდა ქართული ბიბლიის მთლიანი კორპუსი. ის ჯერ კიდევ ცალკეული ნაკვეთების სახით (რვაწიგნეული, ისტორიული წიგნები, წინასწარმეტყველთა წიგნები, ფსალმუნნი, სიბრძნის წიგნები) მოგვეპოვებოდა. X-ს-ის II ნახევარში, როგორც ირკვევა, დღის წესრიგში მწვავედ დაისვა ძვ. აღთქმის ქართული თარგმანების თავმოყრისა და ხელახალი რედაქტირების საკითხი, რასაც სათავეში ჩაუდგა ათონური სკოლა და 978 წელს წარმატებით დასრულდა ათონის ივერთა მონასტრისათვის თორნიკე ერისთავის მონდომებითა და ინიციატივით ოშკს გადაწერილი ბიბლიის სახით. ამ ფოლიანტის შექმნა საეტაპო მოვლენაა ძვ. აღთქმის ქართული თარგმანის ისტორიაში. ეს კოდექსი გახდა მთავარი ორიენტირი ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების ბიბლიოლოგიურ საქმიანობაში, რომლებმაც უკვე გამოკვეთილად დაისახეს მიზნად ქართული თარგმანის ბერძნულ დედნებთან დაახლოებისა და მისადაგების პრინციპი, რასაც სათავე ექვთიმემ დაუდო და გვირგვინი გიორგიმ დაადგა. დაბოლოს, ყოველივე ელინოფილური სკოლის ჩამოყალიბებით დასრულდა, რომელიც იმდენად შორს წავიდა, რომ ქართულ ენას თავს მოახვია მისთვის მიუღებელი ენობრივი ნორმები. ისეთი ნორმები, რომლებიც ქართული ენის ბუნებასა და მის ისტორიულ განვითარებას არ ესადაგებოდა.
მომდევნო პერიოდში, XVII-XVIII სს-მდე, ბიბლიისათვის უკვე აღარავის ეცალა, ვიდრე ამ საქმეს სათავეში არ ჩაუდგა ორბელიშვილების ოჯახი დიდი სულხან-საბას ხელმძღვანელობით, საქართველოში და არჩილ მეფისა და ბაქარ ბატონიშვილის მეთაურობით, მოსკოვში.
ქართველ მწიგნობარ-ბიბლიოლოგთა საქმიანობა საქართველოში ე.წ. „მცხეთური ბიბლიის“ შექმნით დამთავრდა, რომლის შემდგენლებმაც, ურთულესი პრობლემების მიუხედავად, მოახერხეს კიდევ ერთხელ გაეკრათ რედაქციული ჩალხი ბიბლიის ქართული თარგმანებისათვის და ლათინურ-სომხურ წყაროებზე დაყრდნობით თავებად და მუხლებად დაეყოთ მანამდე დაუნაწევრებელი ქართული ტექსტი და ისე მიეწოდებინათ შთამომავლობისათვის.
ამავე მიზანს ისახავდა მოსკოვის ქართველ მწიგნობარ-ბიბლიოლოგთა კომისიაც, რომელიც სათანადო ქართული ხელნაწერების უქონლობის გამო კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩავარდა და იძულებული გახდა, მრავალი ბიბლიური წიგნი ძვ. სლავური თარგმანიდან გადმოეღო, თუმცაღა საბოლოო ჯამში შეძლეს 1743 წელს მოეცათ, შედგენილობის თვალსაზრისით, ქართული ბიბლიის ყველაზე სრული ტექსტი.